ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს საქართველოს გავლით ევროპისთვის ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით.
კითხვაზე: „საქართველოს გავლით უნდა მოხდეს ნავთობის მიწოდება ევროპისთვის. საქართველოს მხრიდან თუ მიმდინარეობს მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით ან რა ეტაპზეა მოლაპარაკება“, დავითაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო და მთლიანად მთავრობა საკითხზე ინტენსიურად მუშაობს.
მისივე თქმით, ხვალაც შედგება ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა თბილისში, სადაც თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. დავითაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იქნება სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდაზე.
„რაც შეეხება ყაზახეთიდან საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვას ეგრეთ წოდებულ შუა კორიდორში, ანუ ტრანს-კასპიურ დერეფანში, რა თქმა უნდა, სამინისტრო და მთლიანად მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ამაზე. ვფიქრობ, ამის პირველი, ძალიან მკაფიო მაგალითი იყო ასევე ის, თუ რა დონის სახელმწიფო ვიზიტები გვქონდა პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობას შუა აზიის ქვეყნებში. იცით, რომ უმაღლეს დონეზე გვქონდა შეხვედრები როგორც თურქმენეთის, უზბეკეთის, ისე ყაზახეთის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ზუსტად ამ საკითხებს ვიხილავდით, როდესაც საუბარია მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყნების საქართველოს დერეფნით მეტად დაინტერესებაზე.
ამაზე ძალიან კონკრეტული მოლაპარაკებები შედგა უზბეკეთში, თურქმენეთში და მათ შორის ყაზახეთში. ჩვენ ამ ვიზიტებამდეც გვქონდა მუშა პროცესი, არაერთი დელეგაცია იყო საქართველოში, მათ შორის ქართული დელეგაციები იგივე ყაზახეთში და შუა აზიის სხვა ქვეყნებში, რათა ტექნიკურ დონეზე ბევრი საკითხი გაგვევლო. მუშა პროცესი მიმდინარეობს, გრძელდება. მაგალითად, ხვალაც ჩვენ გვაქვს ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა თბილისში, სადაც თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრაში. ზუსტად საუბარია ამ სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდაზე, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, რათა ჩვენ არათუ მოვიზიდოთ ახალი ტვირთები, მათ შორის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, არამედ დიდი ხანი მოვახერხოთ ჩვენს დერეფანში ამ ტვირთების დამაგრება ისევ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, თუმცა უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ალბათ ერთ დღეში ვერ მოხერხდება. ძალიან ბევრი ნიუანსია, მხოლოდ ერთი ტიპის გადაზიდვებზე და ერთი ტიპის პროდუქტზე არ არის საუბარი. არსებობს ასევე უფრო ხანგრძლივი, საშუალოვადიანი შეთანხმებები. აქაც უნდა წარმოვიდგინოთ, რომ როდესაც სახელმწიფოები საუბრობენ, არის ძალიან ბევრი კერძო კომპანია, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის ნავთობროდუქტების უშუალო მესაკუთრეების შემთხვევაში არიან საერთაშორისო კონსორციუმები, საერთაშორისო ნავთობკომპანიები შუა აზიაში, რომელთა გადაწყვეტილებებიც ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრთან ერთად გვქონდა ამ კომპანიებთან ცალკე დამატებითი კომუნიკაცია და საუბარი. ასე რომ, ეს მუშა პროცესი მიმდინარეობს ისეთი ინტენსივობით, როგორც არასდროს. შესაძლებლობები არის საკმაოდ დიდი, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია, როგორ სინქრონში იმუშავებენ ერთმანეთთან დერეფნის მონაწილე ქვეყნები და როგორ იქნება გამართული, ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურა და მეორე მხრივ, მომსახურებები. ზუსტად ამაზე გვექნება მათ შორის, ხვალ საუბარი. ეს პროცესი მიმდინარეობს. ვადასტურებთ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, გავზრდით ნაკადს. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან უფრო მეტი იქნება ამა მიმართულებით კონკრეტიკა, რადგან სამუშაო პროცესი დროს მოითხოვს და ეს წელი დასჭირდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.