გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოში შპს „იბერია ორბი ციტრუსი“ იმყოფებოდა, სადაც საწარმოს ტექნოლოგიურ და საწარმოო პროცესებს გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საწარმოს 24 საათის განმავლობაში 250 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღება, დახარისხება და პარაფინირება შეუძლია.
„უკვე ექსპორტირებულია 20 ათას ტონაზე მეტი პროდუქცია, რის შედეგადაც მიღებულია დაახლოებით 12 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი. არასტანდარტული ციტრუსის ნაწილში სუბსიდირების ფარგლებში უკვე გამოყოფილია 4 მილიონი ლარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი, უხვი მოსავლის პირობებში, მთლიანად მოხდეს პროდუქციის დაბინავება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„მიმდინარე ციტრუსის სეზონზე კომპანია 4 000 ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღება-გადამუშავებას გეგმავს, რომელიც სრულად ექსპორტზე იქნება გატანილი. საწარმოში ამ ეტაპზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული.
„იბერია ორბი ციტრუსი“ ასევე იღებს არასტანდარტულ მანდარინს, რომლის გადამუშავების სიმძლავრე 24 საათში 200 ტონამდე ნედლეულს შეადგენს. აღნიშნული ნედლეულისგან იწარმოება ციტრუსის კონცენტრატი, რომლის ექსპორტზე რეალიზაციაც უახლოეს მომავალში იგეგმება. საწარმოს ასევე გააჩნია 3 000 ტონიანი სამაცივრე მეურნეობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს ციტრუსის სექტორის მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს ფერმერების შემოსავლების ზრდას და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად საწარმოში ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი იაკობაშვილი“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.