gorgia
ავერსი legi

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კენიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაზე (UNEA-7) სიტყვით გამოვიდა.


სესია 8-13 დეკემბერს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) სათაო ოფისში მიმდინარეობს და მისი მთავარი გზავნილია - „მდგრადი გადაწყვეტილებები უკეთესი პლანეტისთვის“.


UNEA-7-ს ესწრება 50-მდე ქვეყნის გარემოსდაცვითი და კლიმატის მიმართულების მინისტრი, მათ შორის, ბელგიის, ფინეთის, ნორვეგიის, სლოვენიის, ნიდერლანდების, უნგრეთის, დანიის, თურქეთის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, იორდანიის, კატარის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები და 130 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


სესიის გახსნას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და კენიის პრეზიდენტი უილიამ სამოი რუტო მიესალმნენ.


დავით სონღულაშვილმა, ლიდერთა პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მიღწეულ პროგრესსა და იმ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანა გლობალური მდგრადი განვითარების პროცესებში ასრულებს.


მინისტრმა ყურადღება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა, რაც აუცილებელი წინაპირობაა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისთვის. მისივე სიტყვებით, საქართველოს სტრატეგიული არჩევანი კვლავაც მშვიდობაა - როგორც მუდმივი პასუხისმგებლობა და განვითარების ფუნდამენტური საფუძველი.


დავით სონღულაშვილმა სესიის მონაწილეებს საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი მმართველობის, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და მწვანე განვითარების მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები გააცნო და ყურადღება გაამახვილა: 2026 წლის იანვრიდან ერთჯერადი პლასტმასისა და გაფართოებული პოლისტიროლის (EPS) ნაწარმის აკრძალვაზე; წყლის რესურსების ახალი მართვის კანონის მიღებაზე, რომელიც ევროკავშირის დირექტივებთან სრულ თანხვედრაშია; ასევე, სათბური გაზების გამონაბოლქვის 2035 წლისთვის 50%-ით შემცირებაზე და 2050 წლისთვის ნახშირბად ნეიტრალობის მიღწევაზე.


მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაცული ტერიტორიების გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობის გაორმაგება და 2035 წლისთვის ქვეყნის ტერიტორიების მინიმუმ 30%-ის დაცვით უზრუნველყოფის გეგმა წარმატებით ხორციელდება.


როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველოს გამოცდილება ადასტურებს, რომ მცირე ქვეყანასაც შეუძლია ანგარიშგასაწევი წვლილის შეტანა გლობალურ პროცესებში, თუ მდგრად პოლიტიკას საერთაშორისო პარტნიორობა და ძლიერი პოლიტიკური ნება განსაზღვრავს.


სესიის გახსნას, მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიაში და აფრიკის კავშირში მუდმივი წარმომადგენელი გია მაჭარაძე ესწრებოდნენ.

99