„აგროტურიზმი, ეკოტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი არის ის ახალი ტურისტული პროდუქტები, რაზეც, პანდემიის პირობებში აქტიურად ვმუშაობთ - ეს არის უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციის ნაწილი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე, ჩვენ აგროტურისტულ ობიექტებში პირველი ტურისტები გვესტუმრებიან“- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საგარეჯოში გამართულ ღონისძიებაზე „პანდემია - შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროტურიზმის სექტორისთვის“ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, საქართველოში ხორციელდება არაერთი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის განვითარებასაც და ერთ-ერთი ასეთი არის სწორედ „უდაბნოს პროექტი“, სადაც რამდენიმე წელიწადში, კერძო ინვესტიციით, გაშენდა ნუშის ბაღები და შეიქმნა ულამაზესი გარემო ტურისტების მოსაზიდად.
„აგროტურიზმი არის ერთ-ერთი კარგი პრიორიტეტი და შესაძლებლობა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ ეპოქაში, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება ისეთ ტურისტულ სერვისებზე, რომლებიც ღია სივრცეში საქმიანობასთან არის დაკავშირებული“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.