შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.ამის შსახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება. COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.
ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება. ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.
ცნობისთვის, ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს. ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის სამედიცინო პერსონალის და პროცესში ჩართული პირების ტრენინგები უკვე დასრულებულია. აცრა ნებაყოფლობითია.