janmedi
ავერსი ნემო

19-30 ოქტომბერს, სომხეთის დედაქალაქმა ერევანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გაეროს კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციას (COP17) უმასპინძლა. საერთაშორისო ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლები გააერთიანა.

კონფერენციის მთავარი მიზანი კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამით განსაზღვრული მიზნების შესრულების პროგრესის შეფასება და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვასა და აღდგენას, სახეობათა კონსერვაციას, დაცული ტერიტორიების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების დაფინანსებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მინისტერიალში და საქართველოს ეროვნული განცხადება წარადგინა, რომელშიც ქვეყნის მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან და საქართველოს პავილიონში ჩატარდა თემატური ღონისძიებები.

COP17-ის მნიშვნელობის, საქართველოს მიერ წარმოდგენილი შედეგების, საერთაშორისო პარტნიორებთან განხილული საკითხებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ გვესაუბრება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიანა გიორგაძე.

1. რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრაში (COP17) მონაწილეობას და რამდენად მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პლატფორმაზე ქვეყნის მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების წარმოჩენა?

COP17-ში მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო როგორც ქვეყნის მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად, ისე გლობალური გარემოსდაცვითი დღის წესრიგის ფორმირებაში აქტიური მონაწილეობისთვის.

საქართველო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით გამორჩეული ქვეყანაა და მისი უნიკალური ეკოსისტემებისა და სახეობების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კონფერენციაზე წარმოვაჩინეთ კონკრეტული შედეგები, რომლებიც ადასტურებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს პრაქტიკული ნაბიჯებით ვასრულებთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი გაორმაგდა და მილიონ ჰექტარს გადააჭარბა. 2026 წელს შეიქმნა 12 ახალი დაცული ტერიტორია, რომელთა საერთო ფართობი 136 185 ჰექტარია. ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის კონსერვაციული ტერიტორიების, მათ შორის ზურმუხტის ქსელის გათვალისწინებით, დაცვის სტატუსის მქონე ტერიტორიები ქვეყნის ფართობის თითქმის 23%-ს მოიცავს.

ასევე წარმოვაჩინეთ სახეობათა აღდგენის წარმატებული გამოცდილება, მათ შორის სამუხის ველზე ქურციკის პოპულაციის აღდგენის შედეგები, სადაც ინდივიდების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოდგენილი იყოს არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებით მდიდარ ქვეყნად, არამედ პარტნიორად, რომელსაც აქვს კონკრეტული გამოცდილება და მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური მიზნების მიღწევაში. ეს აძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს და ქმნის ახალ საერთაშორისო პარტნიორობათა შესაძლებლობებს.

2. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა თემატურ ღონისძიებაში. რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება შეხვედრების დროს და რა ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოიკვეთა საქართველოსთვის?

COP17-ის ფარგლებში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგის გაღრმავება და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო.

შეხვედრები გავმართეთ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN), ევროპის საბჭოს, ბერნის კონვენციისა და რამსარის კონვენციის წარმომადგენლებთან, ასევე სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრთან.

IUCN-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს წითელი ნუსხის განახლების პროცესზე, საერთაშორისო კრიტერიუმებთან მის შესაბამისობაში მოყვანასა და დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარებაზე. ევროპის საბჭოსა და ბერნის კონვენციის წარმომადგენლებთან განვიხილეთ ჰაბიტატებისა და სახეობების დაცვა და კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამ საკითხებს მიეძღვნა საქართველოს პავილიონში გამართული თემატური ღონისძიებაც.

რამსარის კონვენციის გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლხეთის ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვას, მონიტორინგისა და მართვის გაუმჯობესებას.

მნიშვნელოვანი იყო სომხეთის მხარესთან გამართული შეხვედრაც, სადაც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტრანსსასაზღვრო წყლების მონიტორინგისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხები განვიხილეთ. გამოიკვეთა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით რეგიონული გეოპარკების ქსელის შექმნის ინიციატივის განვითარების შესაძლებლობაც, რომლის მიმართულებითაც ვთანამშრომლობთ UNDP-სა და სხვა პარტნიორებთან.

გარდა ამისა, საქართველოს პავილიონში წარვადგინეთ ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის შედეგები, რამაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლების ინტერესი გამოიწვია და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები გამოკვეთა.

ჩვენი მიზანია, საერთაშორისო და რეგიონული დიალოგი კონკრეტულ ერთობლივ პროექტებში, ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამებსა და გრძელვადიან პარტნიორობებში გადაიზარდოს.

3. რა პრაქტიკული შედეგები და სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს COP17-ში მონაწილეობამ? როგორ აისახება კონფერენციის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვის სამომავლო პოლიტიკასა და საქმიანობაზე?

COP17-ში მონაწილეობისთვის მთავარი ღირებულება მხოლოდ მიღწეული შედეგების წარმოჩენა არ არის - არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მისი ეროვნულ დონეზე პრაქტიკაში დანერგვა.

კონფერენციამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა საქართველოს პროგრესი კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო-პროგრამის მიზნებთან მიმართებით და გამოგვევლინა ის მიმართულებები, სადაც დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.

ჩვენი პრიორიტეტია არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, არამედ მათი ეფექტიანი მართვა, ეკოსისტემების აღდგენა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაუმჯობესება. ამასთან, მნიშვნელოვანია ტყისა და ჭარბტენიანი ეკოსისტემების მდგრადი მართვა და სამეცნიერო მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას, თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვას, საექსპერტო და ტექნიკური მხარდაჭერის მოზიდვას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ფინანსურ მექანიზმებზე წვდომის გაძლიერებას, რაც კონსერვაციული პროექტების განხორციელებისა და მასშტაბის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს.

ასევე მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა, რადგან ბიომრავალფეროვნების დაცვა საერთო ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო ეკოსისტემებისა და მიგრირებადი სახეობების დაცვის მიმართულებით.

საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, საერთაშორისო ვალდებულებები კონკრეტულ ეროვნულ შედეგებად ვაქციოთ, გავაძლიეროთ ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკა და შევინარჩუნოთ საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობა, როგორც მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი.

ინფორმაციასგარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

56