"ჩვენთვის კორუფცია მიუღებელია... კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტია" - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რატომ გახდა ცვლილებები საჭირო, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირს არ მოუთხოვია და რატომ არ ატარებს ხელისუფლება იმ ცვლილებებს, რომლებიც 9 დათქმაშია.
უფრო კონკრეტულად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელი იქნება. ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით.
ლევან დავითაშვილის კითხვაზე დეტალურად პასუხი არ გაუცია, თუმცა მისი თქმით, ხელისუფლება იმუშავებს ევროპელ პარტნიორებთან, რათა ყველა ცვლილება სწორად იყოს გაგებული.
"რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ამაზე ძალიან მკაფიო პოზიციები აქვს ჩვენს გუნდს, რომ კორუფცია ჩვენთვის არის მიუღებელი. კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტია. შესაბამისად, მაქსიმალური გაკეთდება იმისთვის, რომ იყოს ინსტიტუციური გაძლიერება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და ცვლილებებიც ამას ემსახურება. ეს პროცესი გაგრძელდება და პოლიტიკური ჯგუფები ამაზე იმუშავებენ. მათ შორის, ვიმუშავებთ ევროკავშირთან იმისთვის, რომ ის ცვლილებები რომელსაც ხელისუფლება გაატარებს იყოს სწორად გაგებული და გააზრებული ევროპელი პარტნიორების მხრიდანაც. ასევე, მხარდაჭერილი", - განაცხადა მინისტრმა.