
რიცხვებში ვაჩვენეთ, რომ ჩვენმა ეკონომიკამ გამოიჩინა მდგრადობა პოლიტიკური პროცესების მიმართ, თუმცა თუ ნაკლები იქნებოდა უპასუხისმგებლო მოღვაწეობა ზოგიერთი ოპონენტის და პოლიტიკური ჯგუფის, კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა - მომავალშიც, მერწმუნეთ, შევინარჩუნებთ როგორც სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას, ისე ზოგად პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და განაცხადა, რომ სხვადასხვა ტიპის გამოწვევაა, რაზეც სამუშაოა, მათ შორის ეს „მიწოდებისა და მოთხოვნის არც ისე შესაფერისი თანხვედრა“.
„ტურიზმის ადმინისტრაცია მუშაობს და აკეთებს ანალიზს, რა გამოწვევები აქვს სექტორს. არის სხვადასხვა ტიპის გამოწვევა, რაზეც უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის ეს არის მიწოდების და მოთხოვნის არც ისე შესაფერისი თანხვედრამ როგორც შეიძლება რომ ვისურვოთ, იცით, რომ მიწოდება გაზრდილია. გაზრდილია ზოგიერთი ტიპის ტურისტულ პროდუქტზე, რომელზეც შეიძლება ნაკლები მოთხოვნაა და პირიქით - შეიძლება რაღაცაზე იყოს მეტი მოთხოვნა და ასეთი ტიპის მიწოდება არ არის. მათ შორის, საწოლი ადგილები გაზრდილია. Airbnb-ის კუთხით საქართველოში ძალიან აქტიურად გამოიყენება კერძო საკუთრება, აპარტამენტები, რომელიც კონკურენციას უწევს სასტუმროებს. კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულ სასტუმრო ობიექტებს ჰქონდეთ გარკვეული უკმაყოფილება, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. ჩვენ ზოგადად ვმუშაობთ ქვეყნის ცნობადობაზე, ტურისტულ კამპანიებზე, მათ შორის კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. თუ ერთეული ადამიანები თავის აზრს აფიქსირებენ, არ ნიშნავს, რომ ტურისტულ სექტორთან, როგორც დარგთან, კომუნიკაციის პრობლემა აქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას - არანაირად. მე თვითონ მოვიკითხე, რამდენიმე დღის წინაც გავიარეთ გეგმები მათ შორის მიმდინარე წლის და უფრო გრძელვადიანი. ტურიზმის ადმინისტრაციას აქვს საკმაოდ ადეკვატური გეგმები, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ტურისტული პროდუქტი გაუმჯობესდეს, კანონმდებლობის შესაბამისად შემოვიდეს სტანდარტები, მართვის ახალი პრინციპები და ბევრი სხვა რამ, რაც ჩვენს სექტორს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. გრძელვადიანი მდგრადობა სხვანაირად, ფუნდამენტური რეფორმების გარეშე არ შეიძლება. გვესმის, რომ წარმატებები გვაქვს, გვაქვს გარკვეული მოკლევადიანი შედეგები, მაგრამ გრძელვადიანი სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია უფრო მეტი ორიენტირება ხარისხზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.