მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი კომპანია „OMV Petrom SA“ საქართველოში შემოდის. კომპანია „OMV Petrom SA“-ი, რომლის თანადამფუძნებელია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სანავთობო კომპანია „OMV GROUP“, ცნობილია რუმინეთის შელფზე გაზის ერთ-ერთი მსხვილი საბადოს „დომინო 1“-ის აღმოჩენით.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასევე წარმატებით წარიმართება კომპანიის საქმიანობა საქართველოშიც. დიდი წვლილი იქნება შეტანილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში იმიტომ, რომ ნავთობის მოპოვება პერსპექტიული დარგია. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ კომპანიაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს მთავრობამ მოიწონა სახელმწიფოს და კომპანია „OMV Petrom SA“-ს შორის II სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებით გასაფორმებელი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პროექტი, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.
მინისტრის განცხადებით, „OMV Petrom SA“- ის შემოსვლა საქართველოში სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საინვესტიციო კლიმატი იმდენად მდგრადია გარე შოკების მიმართ, რომ პანდემიამაც ვერაფერი დააკლო. პირიქით, ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი თავისი დარგის ლიდერი კომპანიების შემოსვლისა როგორც მრეწველობაში, აიტი ინდუსტრიაში და სხვ.