"ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 10-წლიანი გეგმის ეკონომიკური ნაწილის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი. მე არ წავალ შორს და არ გაგახსენებთ, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან ბევრი გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის მომსწრე ვიყავით; შედეგად მივიღეთ ძალიან ბევრი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხნები, ფაბრიკები, ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილები და მოსახლეობა გაღარიბდა, რაც ტრაგედიაა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ოკუპაციის შემდეგ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის სიღარიბე.
„ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.