დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ასევე ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა რეგიონის სასიკეთოდ გავზარდოთ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები. გვინდა მოვიზიდოთ მსხვილი უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტიციები, განვახორციელოთ რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები, გავაძლიეროთ ჩვენი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები და ასე ვიქცეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ფაქტობრივ ხიდად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მიზანია სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად.
„ჩვენი მიზანია სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად. ევროკავშირის კოლეგებთან ერთად, უკვე ვიხილავთ ფლაგმანი პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც დამატებით ეკონომიკურ ეფექტს იქონიებს და კატალიზატორად იქცევა ევროკავშირთან და მის ბაზართან ჩვენი რეგიონის გაზრდილი კავშირისა და ინტეგრაციისთვის.
მიგვაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა და დასავლეთის მოკავშირეები ისარგებლებენ ამ თანამშრომლობით. ახლა უნდა ვიმოქმედოთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, ენერგომარშრუტების დაცვისთვის, მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნებისა და რეგიონალური კავშირების გაზრდისთვის, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური განვითარების ტემპი. ყოველივე ეს აუცილებელია ევროპული მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.