ბათუმის საკრებულოს სხომაზე შპს „ბათუმი რივიერას“ სკვერის განვითარების კონცეფცია განიხილეს. საპროექტო ტერიტორია მოიცავს ე.წ. „ბურუნ-თაბიეს“. ამასთანავე, ტერიტორია ერთის მხრივ, ნავსადგომსა და გოგებაშვილის ქუჩას შორის არის მოქცეული, ხოლო მეორეს მხრივ ბულვარსა და ე.წ. „ჭაჭის კოშკის“ სკვერს შორის.
სხომაზე განხილული საკითხის მიხედვით, „ჭაჭის შადრევნებიანი კოშკის“ დემონტაჟი განხორციელდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ჭაჭის შადრევნებიანი კოშკი“ არის უფუნქციო, ამორტიზებული და პროექტის ფარგლებში საჭიროებს გონივრულ განვითარებას.
„საპროექტო ტერიტორია მოიცავს ადგილს, სადაც განთავსებულია „ჭაჭის შადრევნებიანი კოშკი“ და ეს ტერიტორია აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში არის უფუნქციო, საჭიროებს გონივრულ დაგეგმვას და განვითარებას. დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს ამორტიზებული და უსახური „ჭაჭის შადრევნებიანი კოშკის“ დემონტაჟს.
საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს ბულვარზე განთავსებულია ბათუმის ისტორიული შუქურა და „ეშმაკის ბორბალი“, აქვე ახლოს დგას „ანბანის კოშკი“. განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით აღებული ტერიტორიის განვითარება, ზღვისპირა პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობა და იახტკლუბის განვითარება“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას პარკის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულება და „ჭაჭის შადრევნებიანი კოშკის“ დემონტაჟის განხორციელება დაევალა.
ცნობისთვის, „ჭაჭა თაუერი“ 2012 წელს აშენდა. პროექტზე, რომელიც ქართველმა და ესპანელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს, 810 ათასი ლარი დაიხარჯა. კოშკის გარშემო განთავსებულია ოთხი შადრევანი, საიდანაც გარკვეულ პერიოდში ჭაჭა მოედინება.