"აზარტულ თამაშებზე დაწესებული შეზღუდვები ბიუჯეტზე ნამდვილად არ აისახება უარყოფითად, რადგან ჩვენი ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება და ჩვენი ბიუჯეტი საკმაოდ კარგად ივსება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
საქმე ის არის, რომ მთავრობა ონლაინთამაშებთან დაკავშირებით შეზღუდვების პაკეტს ამზადებს, რომელიც პარლამენტს მომდევნო კვირაში წარედგინება.
„აზარტული თამაშების შეზღუდვა არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არის მართლაც ძალიან მისასალმებელი ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის. ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენი მოსახლეობა დადგა და ჩვენი მოვალეობაა, საკანონმდებლო ბერკეტებით მაქსიმალურად შევზღუდოთ აზარტულ თამაშებში ჩვენი ახალგაზრდობის მონაწილეობა და შევცვალოთ ახალგაზრდობის დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ და პროპაგანდა იქნება აკრძალული.
ბიუჯეტზე ნამდვილად არ აისახება ეს <შეზღუდვა> უარყოფითად, რადგან ჩვენი ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება და ჩვენი ბიუჯეტი საკმაოდ კარგად ივსება. აზარტული თამაშები, რომელსაც ძალიან ბევრი უბედურება მოაქვს ოჯახებისთვის, არ არის მიმართულება, რომლის მხრიდანაც ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს, რომ ბიუჯეტი შეივსება“, - განაცხადა თურნავამ.