მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და უახლოეს ხანებში პარლამენტს გადაეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმა, რომელიც თვეების განმავლობაში მუშავდებოდა ეკონომიკის სამინისტროში და შემდგომში განიხილებოდა ეკონომიკურ გუნდში, ეტაპობრივად განხორციელდება და 2025 წლის მაისისთვის მთლიანად დასრულდება.
„დღეს ქვეყანაში არსებობს უამრავი ავტოსადგური, რომლებიც არანაირ წესებში არ არის მოქცეული, არ არის დაცული არანაირი სტანდარტი და, სამწუხაროდ, ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეს აისახება ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც, ასევე ტურიზმის სექტორზე და, რა თქმა უნდა, ყველაზე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ჩვენს მოქალაქეებს არც ისე კომფორტულ პირობებში უწევთ შიდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, კონკრეტული მოთხოვნები იქნება ასეთი ავტოსადგურების მიმართ, რომლის საფუძველზეც სამი ტიპის – პირველი, მე-2 და მე-3 კლასის ავტოსადგურები განისაზღვრება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, ავტოსადგურების კლასიფიცირება მოხდება მუნიციპალიტეტების მიხედვით – დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, ასევე, ძალიან პატარა მუნიციპალურ ცენტრებში იქნება შედარებით მცირე მოთხოვნების, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის, ყველა მინიმალური კომფორტის და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით მოწყობილი ავტოსადგურები.
„მნიშვნელოვანია, რომ ავტოსადგურები დაექვემდებარება სერტიფიცირებას, რომლის ჩატარების წესი განისაზღვრება მთავრობის მიერ. თითოეული მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე განსაზღვრავს ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობას და მუნიციპალიტეტებსაც თავიანთი უფლებამოსილებები განესაზღვრებათ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან შედეგებს, რომელსაც ქვეყანა მიიღებს რეფორმის შედეგად.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღებთ ორ ძირითად შედეგს: ავტოსადგურები იქნება მოწესრიგებული საერთაშორისო, თანამედროვე, ცივილიზებული პრინციპების შესაბამისად და მოექცევა სტანდარტებში, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გადამზიდავი კომპანიები სანებართვო წესებს დაექვემდებარებიან, რომ მათაც უნდა დააკმაყოფილონ მინიმალური სტანდარტები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბილეთების სისტემა იქნება გამჭვირვალე და ელექტრონული“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.