გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგების მოკლე მიმოხილვა და სამომავლო ხედვები წარადგინა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, 2014 წელს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით დაიწყო ამბიციური რეფორმები გარემოსდაცვითი პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროში. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო შვიდთან დასაახლოებლად მუშაობა გრძელდება.
„ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში შექმნილია სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორია და მათი ფართობი 912 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13.1%-ია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და პარლამენტში წარდგენილია გურიის ეროვნული პარკის დაარსების შესახებ კანონპროექტი; მიმდინარე წელს განხორციელდება კვლევები სამეგრელოსა და ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიების დაარსების და ასევე, რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოების მიმართულებით. ვაგრძელებთ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. წელს დასრულდება 15 დაცულ ტერიტორიაზე 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლისთვისაც 30 მლნ ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი. ასევე წელს, სულ მცირე, 10 ლოკაციაზე შეიქმნება ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რისთვისაც 10 მლნ ლარი იქნება მიმართული. აღნიშნულის შედეგია, რომ 2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა 1 070 000 ვიზიტორი, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ქვეყანამ მიიღო რამდენიმე ფუნდამენტური კანონი, ტყის კოდექსი, კანონები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, აკვაკულტურის შესახებ, წყლის რესურსების მართვის შესახებ და სამრეწველო ემისიების შესახებ.
2023 წლის ბოლოს მთავრობამ მოიწონა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონის პროექტი, რომელიც შემდგომი განხილვისთვის პარლამენტშია წარდგენილი.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.