პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას აანონსებს. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება არჩევნების შემდეგ დაინიცირდება.
ამასთან, კობახიძემ კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის შემცვლელი დაასახელა.
"როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა წულუკიანი საქმიანობას გააგრძელებს საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, მან უკვე დატოვა კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა. მინდა წარმოგიდგინოთ კულტურის და სპორტის მინისტრი, თინათინ რუხაძე.
მინდა განვაცხადო, რომ არჩევნების დასრულებისთანავე, დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოხდება სამინისტროს გაყოფა. კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება როგორც ცალკე ინსტიტუტი და ცალკე ჩამოყალიბდება სპორტის სამინისტრო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.