
თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი დონის ვიზიტები, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, არაბული ინვესტიციები, რომელიც თბილისს და აჭარის რეგიონში ხორციელდება, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
„შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველოში მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი შედგა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრები. იცით, რომ საუბარია 6 მილიარდიან ინვესტიციაზე ჩვენს ქვეყანაში - თბილისსა და აჭარის რეგიონში. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი ინვესტიცია, რაც საქართველოში აქამდე განხორციელებულა და ეს მისასალმებელია. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აისახება ჩვენზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.