პრეზიდენტის განცხადებით, ჩინური კონტრაქტები არის ყველაზე გაუმჭვირვალე კონტრაქტები იმიტომ, რომ მასში იდება მუხლები, რომელიც უკრძალავს მთავრობას რომ გააცნონ საზოგადოებას ამ კონტრაქტის სრული ტექსტი. ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არასწორია ჩინეთის საკითხის ასე დაყენება - „ან შავი, ან თეთრი“. მთელი მსოფლიო ვაჭრობს ჩინეთთან, რომელიც არის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო. ასე რომ, იმის თქმა, რომ საქართველო სხვანაირად უნდა მოიქცეს და რაღაც კედლები ააშენოს სისულელე იქნება. ამას მე ნამდვილად არ ვუჭერ მხარს.
სხვა არის ანაკლიის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთს დღეს აქვს ოჩამჩირის პორტის გეგმა, წარმოვიდგინოთ როგორ იქნება ეს ორი პორტი ერთმანეთთან ურთიერთობაში?
ეს კომპანია არის დასანქცირებული, მასთან ერთად ვერცერთი დასავლელი ინვესტორი ვერ შემოვა. ე.ი. ვრჩებით ჩვენ, სახელმწიფო ბიუჯეტი და ჩინური კომპანია, რაც არასასურველია და ყველამ იცის რა როგორია ჩინეთის მიერ პატარა ქვეყნებთან მიმართებაში სესხების გაცემისა და ამ სესხების დაბრუნების პოლიტიკა. საკმაოდ სახიფათო შეიძლება იყოს იმიტომ, რომ ზოგჯერ ითხოვენ სტრატეგიული რესურსების სანაცვლოდ სესხის აღებას ან მიწების და ა.შ. ამ საკითხს სჭირდება სიფრთხილე, სჭირდება შესწავლა და რაც ყველაზე მეტად აკლია - გამჭვირვალეობა. „დაგუგლეთ“, ჩინური კონტრაქტები არის ყველაზე გაუმჭვირვალე კონტრაქტები იმიტომ, რომ შიგნით იდება მუხლები, რომელიც უკრძალავს მთავრობას, რომ გააცნონ საზოგადოებას ამ კონტრაქტის სრული ტექსტი. ალბათ, თქვენც არ იცით და მეც არ ვიცი რაზე ვაწერთ ხელს და ეს არის ის, რაც მე მიმაჩნია, რომ არის არასასურველი, თორემ ჩვენ უნდა გვქონდეს და გვაქვს ურთიერთობები ჩინეთთან, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ჩინეთს არ აქვს ოკუპირებული არცერთი ჩვენი ტერიტორია, ჩინეთი არ არის მტერი, მაგრამ ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელთანაც საჭიროა სიფრთხილე ეკონომიკურ ურთიერთობებში.