პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სამინისტრო, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, აქტიურად მუშაობს როგორც ინვესტორის გამოცხადების, ასევე სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მშენებელი კომპანიის შერჩევა 26 ივლისს მოხდება.
„პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური, როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ისე სამშენებლო სამუშაოების, ამიტომ ჩვენ საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით მიგვყავს ეს პროცესი. ამ შემთხვევაში პრეტენდენტთან გავაგზავნეთ დამაზუსტებელი კითხვები კონსულტანტის ჩართულობით. ჩვენ ამ კვირის განმავლობაში მივიღეთ დაზუსტებული პასუხები, რომლებსაც ისევ ჩვენი ევროპელი კონსულტანტი ამუშავებს. რა დროსაც ჩვენ მივიღებთ კონსულტანტის შეფასებას მიმდინარე კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, ხვალ, მაქსიმუმ, მომავალი კვირის დასაწყისში, აქედან გამომდინარე დადგინდება შესაბამისობა. თუ იქნება კიდევ დასაზუსტებელი კითხვები, ალბათ ჩვენ კიდევ მოგვიწევს დიალოგის გაგრძელება პრეტენდენტთან. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, აქაც, იცით, რომ ჩვენ გვქონდა დიდ ოთხეულთან მოლაპარაკებები. ეს იყო კონკურენტული გარემო, კონკურენტულ პირობებში ხდებოდა მშენებელი კომპანიის შერჩევა, მაქსიმალურად გამოცდილი საზღვაო მშენებლობის კუთხით. ჩვენ, პრინციპში, ხვალ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. აქაც საინჟინრო კონსულტანტები იყვნენ ჩართულები, რომ შეფასებულიყო ის წინადადებები, რომლებიც წარმოადგინეს კომპანიებმა და ხვალ ვასრულებთ ამ პროცესს. ხვალ ჩვენ უკვე მშენებელი პარტნიორის გამოვლენას მოვახდენთ და, შესაბამისად, საზოგადოებასაც მივაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.