janmedi
ავერსი ნემო

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით. 

ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. სამინისტროს თანახმად, აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

"მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურს მსოფლიოში აპრობირებული "ლენდლორდის" მოდელით აშენებს. აღნიშნული მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და, შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.

აღსანიშნავია, რომ საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, მთავრობა უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის - საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი აცხადებს, ამჟამად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს, რომლის განვითარებაც ხორციელდება შესაბამისად წინასწარ დაგეგმილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამაღრმავებელი გემი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ უკვე დაიწყებს დაღრმავებით სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას“, - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

თავის მხრივ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ივანე აბაშიძე ამბობს, რომ Tristao Da Cunha-ს რამდენიმე კვირაში შეუერთდება მეორე მცურავი საშუალება, რომელიც განახორციელებს ნავსადგურის შესასვლელი არხისა და ე.წ. შიდა აუზის დაღრმავებით სამუშაოებს.

„დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ნავსადგურში უკვე მიღებულია პირველი ფსკერდამაღრმავებელი გემი, რომელიც პირველ რიგში ე.წ. ტალღმჭრელის ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს განახორციელებს. რამდენიმე კვირაში მას შეუერთდება მეორე მცურავი საშუალება, რომელიც განახორციელებს ნავსადგურის შესასვლელი არხისა და ე.წ. შიდა აუზის დაღრმავებით სამუშაოებს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნული, პირველ რიგში, განაპირობებს საქართველოს ნავსადგურებში გამტარუნარიანობის მაქსიმალურ დონეზე დატვირთვას და, ამ თვალსაზრისით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება ხელს შეუწყობს შუა დერეფანში ტვირთნაკადის გაზრდას, რაც აკავშირებს ცენტრალური აზიის, აზიის სხვა რეგიონებისა და ევროპის სახელმწიფოებს“, - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.

135