ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტს 9 წელი შეუსრულდა. პირდაპირი ფრენების დაწყებამდე თბილისიდან რაჭის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. მანძილი 270 კილომეტრია და მის დაფარვას დაახლოებით 4 საათი სჭირდებოდა. აეროპორტის მშენებლობის შემდეგ მგზავრობის ხანგრძლივობა ნატახტრიდან ამბროლაურის მიმართულებით 35 წუთამდე შემცირდა. შესაბამისად, რაჭა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა.
2017 წლიდან დღემდე ამბროლაურის აეროპორტმა 16 481 მგზავრსა და 1 060 რეისს მოემსახურა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარისთვის და ადგილობრივი ტურისტული სექტორის განვითარებისთვის, რადგან აეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა.
„ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტის ფუნქციონირებამ რაჭაში ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გაზარდა. გაჩნდა ახალი სასტუმროები და გესთჰაუსები, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, რამაც ხელი შეუწყო რეგიონში ტურიზმის სფეროს განვითარებას. ამ ეტაპზე აეროპორტში, მხოლოდ ჩვენი კომპანიის მხრიდან 20 ადამიანია დასაქმებული. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო ამბროლაურის აეროპორტის 9 წლის იუბილე და მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. სამომავლოდ კი იმედს ვიტოვებთ, რომ გაცილებით აქტიური გახდება ჩვენს აეროპორტში ავიამიმოსვლა“,- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამბროლაურის აეროპორტი უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში აშენდა. მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წლის იანვარში უკვე პირველი რეისი მიიღო. ამ ეტაპზე აეროპორტი მცირე ზომის - 15 ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება. სამომავლოდ გათვალისწინებულია უფრო დიდი საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში ტერმინალის გაფართოებაც.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვადრატული მეტრია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.
ტერმინალის არქიტექტურული პროექტი მანუჩარ მახათაძეს, ხოლო აეროპორტის ინტერიერის დიზაინი, აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერს, მარიამ ყარყარაშვილს ეკუთვნის.