რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შესყიდვისას, ღვინის კომპანიის სუბსიდირება კილოგრამზე ოთხი ლარის ოდენობით მოხდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე შვიდი საკითხი განიხილეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება „2022 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 ივლისის №1327 განკარგულებაში.
„კერძოდ, მიმდინარე წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას განხორციელდება ღვინის კომპანიის სუბსიდირება ოთხი ლარის ოდენობით; ამასთან, სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება, მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას გადაუხადოს არანაკლებ შვიდი ლარი და შეისყიდოს არანაკლებ სამი ტონა ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი; გარდა ამისა, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება, რთვლის მიმდინარეობისას, ღვინის კომპანიების მიერ განხორციელდება ჩამბარებლებთან შეთანხმებული ინფორმაციის (ყურძნის ჩამბარებელი, ჩასაბარებელი ყურძნის ჯიში და რაოდენობა, ყურძნის ჩაბარების ადგილი და დრო) პორტალზე − portal.wine.gov.ge განთავსების შემდგომ“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.