ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ახალქალაქი ჰესების კასკადი“ ოფიციალურად გაიხსნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.
მისივე ცნობით, ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40%-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით.
„ჰესი კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს მდებარეობს.
ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა CCEH-მა განავითარა LANSVIRKJUN-თან და ადგილობრივ კომპანია HYDRO ENERGY-სთან ერთად. LANSVIRKJUN-ი წარმოადგენს ისლანდიის ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელ კომპანიას და მისთვის ახალქალაქის პროექტი არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული პირველი ინვესტიცია“, - აცხადებენ სამინისტროში.
ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურის გახსნაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე მონაწილეობდა. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჰესის ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელები - კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, ამ ფონდის მმართველი დირექტორი ალექს ბენარდი და ისლანდიური სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელი კომპანიის LANSVIRKJUN-ის ვიცე-პრეზიდენტი რიკი რიკარდსონი.