დღეს, 14 სექტემბერს, გამოქვეყნდა “აიცერი და მოიგეს” გათამაშების გამარჯვებულთა პირველი ნაკადის სია.
გათამაშება კოვიდზე აცრილი მოქალაქეებისთვის 13 სექტემბერს დაიწყო. დღეს გამოვლინდა ყოველდღიური გათამაშების გამარჯვებული 160 აცრილი ადამიანი. 10-მა აცრილმა მოიგო 500-500 ლარი, 150-მა აცრილმა კი — 100-100 ლარი. აღნიშნული ოდენობის გამარჯვებული 31 დეკემბრის ჩათვლის ყოველდღიურად გამოვლინდება.
გარდა ამისა, კვირაში ერთხელ 1 აცრილი მოიგებს 10 000 ლარს, 3 აცრილი — 5 000 ლარს, 4 აცრილი — 1 500 ლარს, 9 აცრილი — 1000 ლარს.
31 დეკემბერს კი 1 აცრილი მოიგებს 100 000 ლარს.
ვაქცინაციის წამახალისებელი გათამაშება საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას ლატარიის კომპანია ატარებს.
აცრილ მოქალაქეებს გათამაშების საიტზე შეუძლიათ, ყოველდღე შეამოწმონ პირადი ნომრით, მოხვდნენ თუ არა გამარჯვებულებს შორის. გამარჯვებულთა სია ყოველ დღე, 12 საათზე განახლდება.