პროექტმა AGRI-მ, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდათ დაწყებული და გულისხმობდა საქართველოს გავლით კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც „NLG ტერმინალის“ მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოდან პროექტში ჩართულია „გაზისა და ნავთობის კორპორაცია“, აზერბაიჯანის მხრიდან „სოკარი“, რუმინეთიდან და უნგრეთიდან კი საქართველოს პარტნიორები.
„პროექტი AGRI საქართველოსა და აზერბაიჯანს, ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდათ დაწყებული რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად, რომელიც გულისხმობდა საქართველოს გავლით კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის ისე, რომ აირის თხევად მდგომარეობაში გარდაქმნა მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და შემდგომ რუმინეთში გაზიფიცირება. ეს პროექტი, სამწუხაროდ, შეჩერდა და შემდგომი განვითარება აღარ ჰქონდა, თუმცა მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, როდესაც ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით და როდესაც ყველა საუბრობს ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაზე, ამ პროექტმა განსაკუთრებული აქტუალობა მიმდინარე წელს შეიძინა.
შესაბამისად, ჩვენ პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი ენერგო და ენერგოსატრანზიტო პროექტებზე მუშაობა. საქართველოში იმყოფებოდა პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ეს დეტალური განხილვის საგანი იყო და ჩვენ დავგეგმეთ კონკრეტული სამუშაო პროცესი. საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულია „გაზისა და ნავთობის კორპორაცია“, აზერბაიჯანის მხრიდან „სოკარი“, ასევე ჩვენი პარტნიორები რუმინეთსა და უნგრეთში. მნიშვნელოვანია, ამჯერად მოხდეს სრული შეფასება არსებული ინფრასტრუქტურის საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეტაპობრივად, ეს არ იქნება ერთ დღეში და არც ერთ წელიწადში, უნდა მოვახდინოთ განვითარება. პირველ რიგში, ჩვენთვის საჭიროა სრული სურათი, ანუ მოხდეს შეფასება, შემდგომში უკვე ჩამოყალიბდეს დეტალური სამოქმედო გეგმა, რა დავალებაც აქვთ დღეს სამუშაო ჯგუფებს და ეტაპობრივად დავიწყოთ ამ გეგმის შესრულება, მათ შორის მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა ამ მიმართულებით. სხვადასხვა შეფასება ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ. მიდის შესწავლა იმის მიხედვით, რა მდგომარეობაშია არსებული ინფრასტრუქტურა, ანუ რა ტიპის გაუმჯობესება სჭირდება. რა თქმა უნდა, დაზუსტდება ბიუჯეტიც და მათ შორის პროექტის განხორციელების ვადებიც. როგორც მოგახსენეთ, ეს აქტუალური პროექტია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.