ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება უწყების გეგმა ცნობილი, დაწესდება თუ არა რაიმე შეზღუდვები.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპისთვის სამინისტროს აქვს რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე ჩაკეტვებზე არ ისაუბროს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული შრომითი ინსპექციის მუშაობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე [ვიფიქროთ]. ამ ეტაპისთვის ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე. თუმცა, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ტიკარაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ.
ამასთან, მინისტრმა შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის საბჭოს შეზღუდვებზე არ უმსჯელია.
„ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა, იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ და გავაკონტროლოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა. ადრე არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, აღდგომის პერიოდამდე ერთი კვირით ადრე გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.