საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ხუდონჰესის პროექტის მოდიფიცირებაზე მუშაობს. მისი თქმით, ხუდონჰესის პროექტი ისე უნდა განხორციელდეს, რომ სოფლის და ტაძრის დატბორვა აღარ მოხდეს. პრემიერმა ზუსტად იგივე განცხადება 2023 წლის 6 თებერვლის მთავრობის სხდომის შემდეგაც გააკეთა.
პრემიერის თქმით, მთავრობა 4 დიდ პროექტზე, მათ შორის ხუდონსა და ნენსკრა ჰესებზე მუშაობს.
"ვმუშაობთ 4 დიდ ენერგეტიკულ პროექტზე. მათ შორის იქნება ხუდონჰესის პროექტი შეცვლილი სახით. აღარ დაიტბორება არც ტაძარი და არც სოფელი. ზოგადად მინიმალური ზეგავლენა ექნება გარემოზე და რეგიონზე. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი სანიმუშო და ენგურჰესის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, 2012 წელს ხუდონჰესის პროექტი დაგვხვდა გასხვისებული. ჩვენ მოვახდინეთ ამ პროექტის გამოსყიდვა და გვაქვს განზრახული თავად დავიწყოთ მისი ამ ეროვნული მნიშვნელობის ჰესის მშენებლობაზე.
ასევე, ვაგრძელებთ მუშაობას ნენსკრას განვითარებაზე. დაგეგმილია 350-430 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თანამედროვე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის იქნება საქართველოში" , - განაცხადა პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენისას.
შეგახსენებთ, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ინდურ-ინგლისურ კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ უნდა განეხორციელებინა, რისთვისაც ის დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარს დახარჯავდა. თუმცა პროექტი წლებია გაჩერებულია საზოგადოების პროტესტის გამო. ხელისუფლებამ ინვესტორი კომპანიისგან ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი 13.5 მლნ დოლარად გამოისყიდა. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელება, წელს, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით დაიწყება.