საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა. 2021 წლის ოქტომბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42,777 მგზავრს მოემსახურა. (2019 სექტემბერი - 89,647 მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. ოქტომბერში, აეროპორტში რეისების 65% აღდგა და 195 რეისი შესრულდა( 2019 სექტემბერი - 298 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 22 მიმართულებით ოპერირებს.
"დღეის მდგომარეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს 22 მიმართულებით, მათ შორის ყაზახეთის 4 და ევროპის 18 მიმართულებით. ოქტომბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 166 პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. 31 ოქტომბრიდან ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა Wizz Air-მა ქუთაისიდან ბარსელონას, ვენისა და ბერლინის მიმართულებით აღადგინა პირდაპირი ფრენები. 15 დეკემბრიდან კი სრულიად ახალი, აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყება ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული რეისების შესრულება", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით - 119 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 29 რეგულარული რეისი შესრულდება.