
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.
ინფორმაციისთვის, ADB იქამდე, აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელოდა.
ამასთან, სექტემბერში განახლებული ანგარიშით, აზიის განვითარების ბანკმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად - 5%-ზე დატოვა.
ბანკის ინფორმაციით, ზრდას ხელს უწყობს მომსახურების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში ძლიერი მაჩვენებლები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მაღალ პროდუქტიულობას ასახავს, ასევე კერძო მოხმარების მდგრადობა და უცხოელი ინვესტორების გაორმაგებული რეინვესტირება.
„საქართველოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა გლობალური რისკებისა და გაურკვევლობის პირობებში მომავლისთვის დადებით მოლოდინებს გვიჩენს,“ - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. „ქვეყანა მეტად ისარგებლებს სტრატეგიული მდებარეობისა და საგზაო ქსელის გამოყენებით მეტი ვაჭრობისა და სატრანზიტო ტვირთების მოსაზიდად, ამასთან გააღრმავებს რეფორმებს თავისი მოქალაქეებისთვის უფრო სტაბილური გრძელვადიანი ზრდის უზრუნველსაყოფად.“
ინფლაციის პროგნოზები უცვლელი რჩება — 2025 წელს 4.0% და 2026 წელს 3.0%, როგორც აპრილში იყო ნავარაუდევი. ამას ხელს უწყობს გლობალურად საწვავის ფასების კლება, მოძლიერებული ლარი და გონივრული ფისკალური პოლიტიკა. აშშ დოლარის დასუსტებამ 2025 წლის პირველ ნახევარში ლარი 3.5%-ით გაამყარა, ხოლო ფისკალური დეფიციტი მშპ-ის 3.0%-ის ფარგლებში დარჩა. საჯარო ვალმა მშპ-ის 35% შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის სექტორიც გაფართოვდა. 2025 წლის პირველ ნახევარში საქონლის ექსპორტი 13.7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 12.4%-ით. ავტომობილების რეექსპორტმა, რომელიც უცხოური ვალუტის მთავარი წყაროა, 30.3%-ით მოიმატა. თუმცა, 2025 წლის აპრილში აშშ-ში შემოღებულმა 25%-იანმა ტარიფმა იმპორტირებულ ავტომობილებზე შესაძლოა, გაზარდოს მეორადი ავტომობილების ფასი და შეამციროს საქართველოს რეექსპორტი. მიუხედავად ამისა, მომსახურების სფეროში ზრდა განსაკუთრებით ტურიზმში, ტრანსპორტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში, რასაც სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესი უწყობს ხელს სავარაუდოდ, შეამსუბუქებს საქონლის ექსპორტზე მომავალში მოსალოდნელი შენელების გავლენას.
ტურიზმის შემოსავლები, 2024 წლის რეკორდულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, წლიურად 3.8%-ით გაიზარდა, ხოლო მომსახურების ექსპორტმა მთლიანობაში 10.2%-ით იმატა, რაც ადასტურებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული მარშრუტის მზარდ როლს ტრანსკასპიურ ვაჭრობასა და ტვირთბრუნვაში.
აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან გაზრდილმა გადარიცხვებმა 2025 წლის პირველ ნახევარში ფულადი გზავნილები 3.5%-ით გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გზავნილები 26.5%-ით შემცირდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 7.7%-ით შემცირდა სხვადასხვა დარგში სუსტი ინვესტირების გამო, გარდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებისა, თუმცა რეინვესტიციების წილი მაღალი — 83.6% დარჩა.
ზრდის შემაფერხებელ რისკებს შორისაა რეგიონული გეოპოლიტიკური დაძაბულობა, გლობალურ ბაზრებზე ვაჭრობისა და ფინანსური სტაბილურობის შესუსტება, ეკონომიკური ფრაგმენტაცია და სავაჭრო სანქციები, ასევე რუსეთისა და სხვა სავაჭრო პარტნიორების შენელებული ეკონომიკური ზრდა. გარდა ამისა, გლობალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და გამკაცრებული ფინანსური პირობების შენარჩუნებამ შესაძლოა შეზღუდოს კაპიტალის შემოდინება.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებს, სომხეთის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად - 5%-იან ნიშნულზეა, აზერბაიჯანის კი 3.4%-დან 2.4%-მდეა შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე წელს ADB ინფლაციის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აზერბაიჯანში (4.2%) ელოდება, მას კი მოსდევს საქართველო 4%-ით და სომხეთი 3.5%-ით.
ცნობისათვის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გასულ კვირას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც გაზარდა. EBRD-ის განახლებული პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზრდება, მანამდე საფინანსო ინსტიტუტი 6%-იან ზრდას ვარაუდობდა.