აბასთუმნის ურბანული განახლების დასრულებული და მიმდინარე პროექტები და დაბაში მშენებარე მაღალი კლასის სასტუმროები („რუმსი“, „ჰილტონი“ და „პარაგრაფი“) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ და ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მოინახულეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის შესასვლელში გრძელდება 770-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი, ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი ავტოსადგომის მშენებლობა; აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ფაზის ფარგლებში კი მიმდინარეობს დაბის მწვანე და ლურჯი დერეფნების რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს საფეხმავლო და ველობილიკების, რეკრეაციული და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას, ცენტრალური გზისა და სხვა ობიექტების აღდგენას.
„ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი სახეზეა კერძო სექტორის ჩართულობის თვალსაზრისითაც. შენდება სხვადასხვა კონცეფციისა და სხვადასხვა ტიპის ტურიზმზე გათვლილი მაღალი კლასის სასტუმროები, რომლებიც კურორტს სხვა დატვირთვას შესძენს“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, სამინისტრომ უკვე დაასრულა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია. აბასთუმნის ობსერვატორიის შენობის წარმატებით დასრულებული რეაბილიტაციის შემდეგ, ობსერვატორიის 1.5-მეტრიან ტელესკოპს და 12 მეტრის რადიუსის გუმბათს ავსტრიული კომპანია უკვე ამზადებს. უნიკალური კურორტის განვითარებისათვის გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა.