პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და აღნიშნავს, რომ ახალი მიდგომით მთავრობა 4-5 წლის გასაკეთებელს 1 წელში გააკეთებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სექტორი პროექტებისთვის ადგილობრივი ბანკებისგან სესხის მიღებას მთავრობის გარანტიით შეძლებს.
„ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა სამშენებლო სექტორს ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიზანიც დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის ზრდაა. ჩვენ მინიმუმ 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელსვე, თუმცა, ეს არის ძალიან მინიმალური, ვფიქრობ, რომ მილიარდ ლარამდე თავისუფლად შეძლებენ კომპანიები ათვისებას.
ბევრ სამინისტროს წლების განმავლობაში შესასრულებელი აქვს ძალიან ბევრი პროექტი. დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი, 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა და ა.შ. ჩვენ სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ, რომ მოიზიდონ ფინანსური რესურსი ბანკებიდან ჩვენი გარანტიით, გარანტირებული დაკვეთა ექნებათ ამ სამუშაოებზე და ჩვენ განვადებით, 3-5 წლის განმავლობაში გადავიხდით ამ თანხას. 4-5 წლის გასაკეთებელს 1 წელში გავაკეთებთ, გავაძლიერებთ ადგილობრივ კომპანიებს, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ეს იქნება 1%-2%-მდე დამატებითი ეკონომიკური ზრდის მომტანი“,- განაცხადა პრემიერმა.