24 დეკემბერს შეზღუდვების შემსუბუქება იქნება დიდი შეცდომა- ამის შესახებ ტვ პირველთან ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.
ზაზა წერეთელი ქვეყანას წინასაახალწლოდ არათუ შეზღუდვების შემსუბუქებას, არამედ გამკაცრებას ურჩევს, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა დიდ ბრიტანეთში უკვე დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამი.
„ვაქცინა რომც იყოს ჰორიზონტზე, მაინც 24 დეკემბერს შეზღუდვების შემსუბუქება იქნება დიდი შეცდომა ჩემი აზრით იმიტომ, რომ მართალია გარკვეულწილად ინფიცირების რაოდენობის კლება გვაქვს, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავწყნარდეთ და ვთქვათ, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის.
პატარა გახსნაც გამოიწვევს იმას, რომ ვირუსი გაიქცევა და მისი შეკავება რთული იქნება. დეკემბერი -იანვარი ზოგადად რთული თვეებია ნებისმიერი ვირუსის პერიოდში.
ვთვლი, შეზღუდვები უნდა გამკაცრებულიყო ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ყველამ იცით, რომ ახალი წელი ხალხს ძალიან უყვარს რამდენიმე დღის განმავლობაში იზეიმოს და ეს რამოდენმე დღე შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს ქვეყანას“-განაცხადა წერეთელმა.
მოიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან რიგი შეზღუდვები, რომელიც მთავრობამ 28 ნოემბრიდან შემოიღო, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატთან ნათია თურნავასთან სავაჭრო ცენტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სავარაუდოდ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 21 დეკემბერს მიიღებს.