იცით, რომ შარშან ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, ე.წ. შუა დერეფნის კორიდორის განვითარების შესახებ, - ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში ისაუბრა.
მისივე თქმით, 2027 წლისთვის უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, რკინიგზა პორტები.
"იცით, რომ შარშან ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, ე.წ. შუა დერეფნის კორიდორის განვითარების შესახებ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა. პოტენციალი იმისა, რომ ტვირთნაკადი გაიზარდოს ამ დერეფანში, არის საკმაოდ დიდი და რეალური არის ეს პერსპექტივა, მაგრამ ამ მიზნით აუცილებელი არის, რომ გაიზარდოს გამტარუნარიანობა რკინიგზის, პორტების. იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩქაროსნული მაგისტრალების პროექტის დასრულებაზე, 2024-ის ბოლოს იქნება დასრულებული ეს მნიშვნელოვანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა. ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება მომავალ წელს, რითაც გაორმაგდება გამტარუნარიანობა ჩვენი რკინიგზის. ამიტომ, აუცილებელია, რომ პორტების გამტარუნარიანობაც გაიზარდოს და სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ასევე ფოთის პორტის ინვესტორის მხრიდან გამოითქვა, მფლობელის მხრიდან გამოითქვა ინტერესი, სურვილი, მზაობა, შეიძლება ასეც ითქვას, რომ მათაც განახორციელონ ინვესტიციები, ფოთის პორტის განვითარების და გაფართოების, ასე რომ ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში. ქვეყანა უნდა იყოს მზად დაგეგმილი მემორანდუმის და ხელმოწერილი საგზაო რუკის შესაბამისად, 2027 წლისთვის უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, რკინიგზა პორტები. აი ეს არის ჩვენი ხედვა და ჩვენი გეგმა, რომელსაც თანმიმდევრობით მივყვებით." - განაცხადა ღარიბაშვილმა.