საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განაცხადა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
მისი თქმით, ამ მიმართულებით წელს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ხორციელდება, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო.
„დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2024 წელს გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ ჩხენკელმა უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.
როგორც მან განაცხადა, 2021-2022 წლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სამი ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 237 საჯარო სკოლას სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 200-მდე საჯარო სკოლამ მიიღო დაფინანსება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ მატერიალური პროექტის განხორციელების მიზნით.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აჭარის რეგიონში აშენდა ოთხი ახალი საჯარო სკოლა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა.
„2019 წლიდან დღემდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონებში 121 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაცია დასრულდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს 31 სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნა მინისტრმა.