global distribution
ავერსი გარე ავეჯი

საქართველოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვერსიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 12 ნოემბერს განიხილავენ, რის შემდეგაც დოკუმენტი მთავრობას კორექტირებისთვის კიდევ ერთხელ დაუბრუნდება.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყნის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 3 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.

„უმრავლესობის სხდომაზე მთავარი განსახილველი თემა იყო ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც ოთხშაბათს შემოვა და უკვე სასესიო განხილვები დაიწყება. ბიუჯეტმა უკვე ყველა კომიტეტი გაიარა. იცით, რომ წლიდან წლამდე რეკორდს ხსნის ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებელი. ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით, 3 მილიარდით არის გაზრდილი, 35,5 მილიარდს შეადგენს. ძირითადი მიმართულებებია - ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები და ა.შ”, - განაცხადა კირცხალიამ.

კირცხალიას თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკაზე „შეტევა“ მიმდინარეობს, რადგან „ე.წ. მეგობრები და შიდა აგენტურა ძალიან კარგად არის გარკვეული“ და კარგად აქვს შესწავლილი სცენარები სახელმძღვანელოებიდან, „თუ რას უნდა დაარტყან, ფარულად თუ ღიად“.

„ძალიან კარგად იცით, რომ ეკონომიკა ჩვენი ფუნდამენტური საზრუნავია ჩვენი ქვეყნისთვის და კარგად ხედავენ ჩვენი ე.წ. გარე მეგობრები თუ ჩვენი მეგობრები, წლიდან წლამდე და, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ, თუ როგორი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ქვეყანაში. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო, ფაქტობრივად, ყოველ წელს. ყოველ წელს მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის თუ სხვა მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაგეგმილი პროგნოზები და მაჩვენებლები ყოველთვის, ყოველ კვარტალურად იზრდებოდა და წელსაც, როდესაც ძალიან პრაგმატულად დაგეგმილი და გამოქვეყნებული ჰქონდათ ჩვენს რეგიონზე და, განსაკუთრებით, საქართველოზე 5%-იანი ზრდა. ეს გადაიხედა და ავიდა 7,5%-ზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია.

ასევე, წლის ბოლოს უკვე 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამ მიმართულებებზე გვქონდა მსჯელობა. კარგად იცით ის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომელიც დაანონსდა და შემოდის ჩვენს ქვეყანაში, რაც შემადგენელია იმ წინსვლისა და იმ ეკონომიკური ზრდის, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული, რაც არის ჩვენი ფუნდამენტური საზრუნავი და რაც მოაქვს პრაგმატულ პოლიტიკას, მიუხედავად იმ დიდი ტექტონიკური პოლიტიკური ძვრებისა ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი შეტევა მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში პირველ რიგში ეკონომიკაზე იმიტომ, რომ ჩვენი ე.წ. მეგობრები და შიდა აგენტურა ძალიან კარგად არის გარკვეული და ძალიან კარგად აქვთ შესწავლილი ის სცენარები იმ სახელმძღვანელოებიდან, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული და რომელსაც ზედმიწევნით მიჰყვება ეს აგენტურული ქსელი ჩვენს ქვეყანაში, თუ რას უნდა დაარტყან, ფარულად თუ ღიად.

გვახსოვს საბოტაჟის არაერთი მცდელობა და თითოეული მათი ქმედება, რომელიც ეკონომიკის დაზიანებისთვის იყო მიმართული იმიტომ, რომ იცოდნენ, როდესაც ქვეყანა არ არის ეკონომიკურად მდგრადი, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა არ იზრდება, იმ ქვეყანაში ხელისუფლების მორყევა, რისი სურვილი დღესაც აქვთ, ძალიან მარტივია.

ძირითადად ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ეკონომიკურ პროგნოზებს ეხებოდა ჩვენი დღევანდელი საკითხები სხვა პოლიტიკურ მიმდინარე თემებთან ერთად. ხვალიდან დაიწყება პლენარული სხდომები და ოთხშაბათიდან უკვე დავიწყებთ საქართველოს ბიუჯეტის სასესიო პლენარულ ფორმატში განხილვას“, - განაცხადა კირცხალიამ.

56