ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, აბასთუმანში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კურორტზე არსებულ სამუშაოებს ასევე გაეცნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და სხვა ოფიციალური პირები.
ვიზიტის ფარგლებში მათ მოინახულეს აბასთუმანში მშენებარე მაღალი კლასის სასტუმროები „რუმსი“, „ჰილტონი“ და „პარაგრაფი“, გაეცნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, აბასთუმნის შესასვლელში 770-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი, ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოებს; აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე, დაბის მწვანე და ლურჯი დერეფნების რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომელიც მოიცავს საფეხმავლო და ველობილიკების, რეკრეაციული და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას, ცენტრალური გზისა და სხვა ობიექტების აღდგენას. აღსანიშნავია, რომ აბასთუმანში ვიზიტს წინ უძღოდა მიმდინარე თვის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტროში კურორტის განვითარების ფარგლებში გამართული საკოორდინაციო შეხვედრა.
ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია აბასთუმანში სასტუმროების მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობების შესახებ.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა თითქმის ყველა ინვესტორი, რომლებიც აბასთუმანში სასტუმროების, რესტორნების, ასევე ღონისძიებების სივრცეების პროექტებს ავითარებენ.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, აბასთუმნის რეაბილიტაციის სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და კურორტი 2025 წლის სეზონისთვის სრულად იქნება მზად.
„აბასთუმნის კურორტის განახლება ინტენსიურ ფაზაშია, სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და უახლოეს პერიოდში მოპირკეთების სამუშაოები დაიწყება. ასე რომ, ძირითადი ინფრასტრუქტურისა და სასტუმროების ექსპლუატაციაში შესვლა მომავალი წლის ბოლოდან დაიწყება, 2025 წლის სეზონზე კი კურორტი მთლიანად იქნება მზად, სრულად განახლებული სახით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და მაღალი ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტებს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა. უნიკალური ჰავისა და ლანდშაფტის კურორტის განვითარებისათვის, სახელმწიფოს დაფინანსებით, ასევე, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.