
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21.798 მლრდ ლარს გაუტოლდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში რეალური მშპ-ის ზრდამ 9.8% შეადგინა.
„მშპ-ის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის I კვარტალში 3.4 პროცენტით განისაზღვრა. პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.6 პროცენტი), განათლება (27.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.0 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (17.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (8.7 პროცენტი).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-4.6 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-5.1 პროცენტი)“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
ამასთანავე, მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.1 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს ინფორმაცია და კომუნიკაცია (9.5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.5 პროცენტი), განათლება (7.2 პროცენტი), მშენებლობა (6.9 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი).