gorgia
ავერსი legi

2025 წლის დეკემბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურ ჭრილში 19.1%-ით გაიზარდა და 1,171გვტ. საათს გაუტოლდა, - ამის შესახებ კვლევას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.

გასული წლის დეკემბერში ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად 6.6%-ით გაიზარდა და 602 გვტ. საათი შეადგინა, ხოლო ქარის სადგურებით გამომუშავებული ენერგია 5.7 გვტ. საათს გაუტოლდა (+7.6% წ/წ). თბოსადგურების გამომუშავებულმა ენერგიამ 562 გვტ. საათი შეადგინა, რაც ამ თვეში წლიურად ყველაზე მაღალი, 35.9%, ზრდის ტოლფასი იყო.

რაც შეეხება წლის ჯამურ გამომუშავებას, 2025 წელს მაჩვენებელი 13,838 გვტ. საათს გაუტოლდა, რაც 2024 წლის შედეგზე 2.8%-ით ნაკლებია.

„2025 წელს საქართველოში ელექტროენერგია გამომუშავდა ჰიდროსადგურების, თბოსადგურების, ქარისა და, პირველად, მზის სადგურების საშუალებით. ქარის სადგურები ერთადერთი ტიპის წყაროა, რომელმაც 2025 წელს გამომუშავებული ენერგიის რაოდენობით წლიური ზრდა აჩვენა“, - აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება მოხმარებას, 2025 წლის დეკემბერში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 14.7%-ით გაიზარდა და 1,414 გვტ. საათი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა, 42.7%, დაფიქსირდა მსხვილი მომხმარებლების მოხმარებაში (319 გვტ.სთ), ხოლო საცალო მომხმარებლების მოხმარება 809 გვტ. საათს გაუტოლდა, რაც წლიური 1.9%- იანი ზრდის ტოლფასია. ამავე თვეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება წლიურად 33.3%-ით გაიზარდა და 285 გვტ. საათს გაუტოლდა.

„2025 წელს საქართველოს ელექტროენერგიის ჯამურმა მოხმარებამ 14,336 გვტ . საათი შეადგინა და 3.5%-ით გაიზარდა 2024 წელთან შედარებით. წლიური ზრდა გამოწვეული იყო მსხვილი და საცალო მომხმარებლების გაზრდილი მოხმარებით, რომლებიც, შესაბამისად, 9.1%-ითა და 3.2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარებას, იგი წლიურ ჭრილში 2.6%-ით შემცირდა და 2,486 გვტ. საათს გაუტოლდა“, - ვკითხულობთ „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში.

63