ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი 1 მილიარდ 519 მილიონი ლარიდან 578 მილიონი ლარი მიიმართება სოციალურად დაუცველთა ბაზაში 16 წლამდე ასაკი ბავშვების დახმარებებზე.
მისივე თქმით, 2024 წელს გაზრდილია გასაცემლების მოცულობები, როგორც პენსიების, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციების ნაწილში.
- 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში ამ პირთა პენსიის მოცულობა თითქმის 500 ლარს მიაღწევს;
- 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და შეადგენს 315 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 378 ლარს;
- ბოლო 4 წლის განმავლობაში საპენსიო გასაცემლების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. კერძოდ, 70 წლამდე პირებისთვის ზრდა 43%-ია, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის პენსიის ზრდა 66%-ია.
- სახელმწიფო კომპენსაციებისთვის დღეს არსებული 560 ლარიანი ზღვარი იზრდება 78%-ზე მეტით და განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით;
- 200 ლარით გაიზრდება და 1200 ლარი გახდება საომარი მოქმედებების დროს ან კრიმინალთან ბრძოლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრების კომპენსაციები;
- იზრდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის ოდენობა, კერძოდ:
უმცროს სპეციალურ წოდებაზე (გარდა ოფიცრისა): 2-დან 5 ლარამდე;
უმცროსი ოფიცრის წოდებაზე: 5-დან 10 ლარამდე;
უფროსი ოფიცრის წოდებაზე: 10-დან 15 ლარამდე;
უმაღლესი ოფიცრის წოდებაზე: 15-დან 25 ლარამდე.
2024 წელს მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებებზე გათვალისწინებულია 1 მილიარდ 519 მილიონი ლარი.
აღნიშნული დამხარება თითოეულ ბავშვზე 2020 წელს შეადგენდა 50 ლარს, ხოლო წელს პირველი ივლისიდან მისი ოდენობა 4-ჯერ არის გაზრდილი და 200 ლარს შეადგენს. გარდა ბავშვთა დახმარებისა, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებებისთვის გათვალისწინებულია 267 მილიონი ლარი.
მომავალ წელს იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლებიც, კერძოდ, 18 წლამდე ასაკის, ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გასაცემელი იზრდება 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიების გასაცემელი 20 ლარის ოდენობით; ჯამში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გასაცემლებზე 2024 წელს მიიმართება 365 მლნ ლარზე მეტი;
მიზნობრივი სოციალური დახმარებების ფარგლებში, 2024 წელს, ასევე, იზრდება საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მოცულობაც.
- 7 ლარიანი სუბსიდია იზრდება 40 ლარამდე;
- 22 ლარიანი სუბსიდია განისაზღვრება 60 ლარით;
- 44 ლარიანი სუბსიდია იზრდება 80 ლარამდე.
ფინანსთა მინისტრის თქმით, სოციალური დახმარებების ფარგლებში იწყება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ათასამდე მრავალშვილიანი ოჯახისთვის მომდევნო 2 წლის განმავლობაში შესყიდული იქნება საცხოვრებელი ფართები. 2024 წელს ახალი პროგრამის დასაფინანსებლად, გამოყოფილია 25 მილიონი ლარი.