2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.0 პროცენტი შეადგინა. სამუშო ძალის მაჩვენებლებთან დაკავშირებით ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 5.6 პროცენტით, ანუ 45.8 ათასი კაცით და 863.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.4 ათასით, ანუ 6.6 პროცენტით გაიზარდა და 407.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 3.6 პროცენტით, ანუ 10.4 ათასით და 279.2 ათასი შეადგინა.
„2023 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52.0 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.6 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 3.8 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 43.5 პროცენტს და 41.3 პროცენტს შეადგენს“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
ამასთან, უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67.9 პროცენტი შეადგინა.
„2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია როგორც საქალაქო, ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში, შესაბამისად, 0.8 და 2.4 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 15.1 პროცენტს და 20.3 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალებთან შედარებით, მაღალია კაცებში. 2023 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში – 41.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 63.6 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 2.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უწყების მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად, 3.1 და 1.6 პროცენტული პუნქტით.