საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ.
დავითაშვილის თქმით, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რის შემდეგაც, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება 2023 წელს დაიწყება.
„მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, პროექტის განხორციელება დავიწყოთ 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ეს არის ჩვენი მიდგომა. ასეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი, ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები, როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში. ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგადად, სისტემის გენერაციისთვის. მათ შორის, არსებული „ენგურჰესის“ მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, საბოლოოდ, პოზიტიურად გადაწყდა.
უახლოეს მომავალში, 2023 წლის დასაწყისიდან დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რათა საქართველოში გავზარდოთ გენერაცია და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.