გეოპოლიტიკური შოკებისა და რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ 2022 წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.1% შეადგინა, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წელი ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და გაუმჯობესებების წელი და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ხელი შეუწყო როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნის ზრდამ.
„2022 წლის ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, ენერგეტიკის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 2023 წელსაც გაგრძელდა და წინასწარი შეფასებით, 2023 წლის პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 – 2028 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის – საშუალოდ, 5.1%-ის ოდენობით. ეკონომიკური აქტივობის ზრდა პოზიტიურად აისახა შრომის ბაზრის მაჩვენებლებზეც, კერძოდ, 2022 წელს დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა. 2022 წელს სიღარიბემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია“, – ნათქვამია ანგარიშში.
მთავრობის ცნობით, 2022 წელს პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა, როგორც საქონლის ექსპორტის, ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით.
„2022 წელს ექსპორტი გაიზარდა 31.8 პროცენტით და რეკორდული მაჩვენებელი – 5.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, ექსპორტის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 23.6%-ით გაიზარდა და 1,962.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სწრაფი აღდგენა და, ამ მხრივ, საკმაოდ პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. 2022 წლის ივლისიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელს აჭარბებს“, – აღნიშნავს მთავრობა.
ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ 2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების დონემ 7.6%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს და 3.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთავრობის შეფასებით, რეკორდული მაჩვენებელია.
„პოზიტიური დინამიკა გაძლიერდა 2023 წელს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 102%-ით გაიზარდა და 795.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის დონეს 37.5%-ით აღემატება. 2022 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 927.4 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 1,012.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მშპ-თან მიმართებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 4.1 პროცენტი შეადგინა, რაც მშპ-თან მიმართებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 61.1%-ით გაიზარდა და რეკორდული 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო, 2019 წელთან შედარებით, ზრდა 47.9%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 43%-ია“, – აღნიშნულია ანგარიშში.
მთავრობის განმარტებით, 2022 წელს, პანდემიის პარალელურად, რუსეთ-უკრაინის ომმა და დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი ეკონომიკისთვის ახალი რისკები გააჩინა და ინფლაციური წნეხი გააძლიერა.
„რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ეკონომიკებში ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ინფლაციამ უკვე გაიარა პიკური პერიოდი, 2022 წლის მაისიდან (13.3%) მას კლების ტენდენცია აქვს და 2022 წლის ბოლოს 9.8%-ამდე შემცირდა. 2023 წლის აპრილში კი, წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა, მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს – 3%-ს. არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო, შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი. სარეიტინგო კომპანიების − Fitch-ის, S&P-ის, Moodys’-ის შეფასებით, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა, რეიტინგის გაუარესების გარეშე. 2023 წლის დასაწყისში კი „Fitch-მა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში საუბარია საქართველოს მთავრობის ვალზე. მთავრობის ცნობით, ვალის ფაქტობრივმა მოცულობამ შეადგინა მშპ-ის 39.8%, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების ჩავლით (რაც მშპ-ის 0.5%-ია) − მშპ-ის 40.3%.
„2023 წლისთვის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დაგეგმილია შემდეგი პარამეტრების ფარგლებში, კერძოდ: რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი ასევე 5%-ს შეადგენს, ხოლო შემდგომ წლებში პროგნოზირებულია 3%-ის ფარგლებში; ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 79,7 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 900 აშშ დოლარს უტოლდება; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,9 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 23,7%-ია; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,8%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 39%-ზე დაბალ ნიშნულზეა“, – განმარტავს მთავრობა.
აღმასრულებელი ხელისუფლების შეფასებით, ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში, 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 25,1 მლრდ ლარს, რაც საშუალებას იძლევა, ბიუჯეტმა სრულყოფილად უპასუხოს ქვეყნის ძირითად გამოწვევებს.
„2022 წელს მიმდინარე ხარჯების მოცულობამ შეადგინა 15,6 მლრდ ლარი, რაც მშპ-ის 21,8%-ს შეადგენს. 2023 წელს მიმდინარე ხარჯების მოსალოდნელი მოცულობა ჯამში დაგეგმილია 17,4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 21,9%-ს შეადგენს. 2022 წელს კაპიტალურმა ხარჯებმა შეადგინა 6,0 მლრდ ლარამდე, რაც მშპ-ის 8,2%-ს შეადგენს, ხოლო 2023 წელს კაპიტალური ხარჯების დაგეგმილი მოსალოდნელი ოდენობა განსაზღვრულია 6,1 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 8%-ამდეა. საანგარიშო პერიოდში, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. 2022 წლის ბოლოს მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობამ 39.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია მთავრობის ვალის ზღვრულ 60%-თან შედარებით. მთავრობის ვალის დინამიკა 2023 წლის განმავლობაშიც სტაბილურობით ხასიათდება“, – აღნიშნავს მთავრობა.