თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. განახლებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება მოსალოდნელი.
"ინფიცირების ახალი შემთხვევები უპრეცედენტო მასშტაბით ზრდას განაგრძობს. ამასთან, ომიკრონის შედარებით ნაკლები სიმწვავე უკვე დადასტურებულ ფაქტად მოიაზრება. ამ მხრივ, ასევე არგუმენტია, ინფიცირების მაღალი შემთხვევების მიუხედავად, საერთაშორისო ბაზრებზე სასტუმროებისა და ავიაკომპანიების ფასების მაღალი ღირებულება. საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს დეკემბრის, 5.5%-იან შეფასებაზე უფრო მეტი იქნება.
ამასთან, უკრაინაში გეოპოლიტიკური ვითარების საომარ კონფლიქტში გადაზრდა მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენი შეფასებით მართვადი რისკია. 2021 წელს, უკრაინისა და რუსეთის წილი ექსპორტში, ტურიზმში, გზავნილებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 6.8-სა და 14.1 პროცენტს შეადგენდა,"- ნათქვამია შეფასებაში.