სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველოდან პროდუქტის ექსპორტი 16.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16.4 პროცენტით შემცირდა.
საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებით, რომელიც „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, 2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 763.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია. უფრო დეტალურად, აქედან, ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 539.4 მლნ. აშშ დოლარი (16.4 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარში 315.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოქვეყნდება.