მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება და ადრე არსებული ნეგატიური დინამიკა შეცვლილია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომელიც წინა წელთან შედარებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 3.2%-ით გაზარდას ეხმიანება.
როგორც თურნავა აცხადებს, ზრდა საფინანსო სექტორში ფიქსირდება.
„მნიშვნელოვანია, რომელ დარგებში ხდება ზრდა. პირველ რიგში, ესაა საფინანსო სექტორი. ასევე ეს არის ენერგეტიკა, რომელიც კვლავინდებურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია საინვესტიციოდ, აგრეთვე ესაა გადამამუშავებელი მრეწველობა და ტრანსპორტი. საყურადღებოა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გეოგრაფია. ძირითადად, საუბარია ევროპული სახელმწიფოები და თურქეთი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ გარემობას, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი გაორმაგებულია. 2021 წლის მესამე კვარტალში 2-ჯერ მეტად გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 293.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. „ეს ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტორი, რომელიც შემოდის საქართველოში და დებს ინვესტიციებს, დივიდენდების გატანის ნაცვლად, ახორციელებს რეინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში, აფართოებს წარმოებას, საკუთარ ბიზნესს, რაც მყარი ნდობის გამოვლინებაა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 3.2%-ით გაიზარდა და 728.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.