gorgia
ავერსი legi

დღეიდან, პირველი აპრილიდან, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 30 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო. 

სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი ყველა საფეხურზე 5 თეთრით გაიზარდა. ყველაზე მეტად 33%-ით ფასი იმ აბონენტებისთვის მოიმატებს, რომლებიც თვეში 100 კილოვატამდე ენერგიას მოიხმარენ.

დედაქალაქის აბონენტებისთვის ტარიფები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 101 კვტ.სთ-მდე: ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა და 20.041 თეთრი გახდა (მატება 33%);
  • 101-დან 301 კვტ.სთ-მდე: საფასური 5 თეთრით გაიზარდა და 24.953 თეთრი შეადგინა (მატება 26%);
  • 301 კვტ.სთ-დან ზემოთ: ტარიფი 28.537 თეთრამდე გაიზარდა (მატება 21%).

რეგიონებში (სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ აბონენტებისთვის) ფასები ასე შეიცვალა:

  • 101 კვტ.სთ-მდე: ტარიფი 14.731-დან 19.731 თეთრამდე გაიზარდა;
  • 101-დან 301 კვტ.სთ-მდე: საფასური 18.707-დან 23.707 თეთრამდე გაიზარდა;
  • 301 კვტ.სთ-დან ზემოთ: ტარიფი 23.227-დან 28.227 თეთრამდე გაიზარდა.

ტარიფების მატებას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლების ოპტიმისტური პროგნოზები. გასული წლის დეკემბერში, ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ელექტროენერგიის საფასური არ გაიზრდებოდა. დაანონსებული ზრდის მიუხედავად, 29 დეკემბრის სხდომაზე სემეკმა ტარიფები სამი თვით შეინარჩუნა კიდეც, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დროებითი იყო.

მთავრობასთან გამართული კონსულტაციების მიუხედავად, სემეკმა საბოლოოდ მაინც ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ძალაში დღეიდან შედის.

 

წყარო: BMG 

87