საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა. „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 18:18 ითამაშეს.
პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა, თამაში, ძირითადად, პორტუგალიელების ნახევარზე მიმდინარეობდა, მაგრამ ერთ ეპიზოდში მათ შეძლეს კონტრშეტევის განხორციელება, რომელიც ლელოთი დაასრულეს.
ტაიმის მიწურულს პორტუგალიელები კაცნაკლულნი დარჩნენ, არბიტრმა ფრანსისკო ფერნანდესი 10 წუთით სინბინში გაუშვა. ტაიმის ბოლო წუთზე ქართველ მორაგბეებს მეორე ლელოს დადებაც შეეძლოთ, მაგრამ მეტოქემ თავის დაცვა მოახერხა და შეხვედრის პირველი ნახევარი საქართველომ 13:5 მოიგო.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 სექტემბერს, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.