საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პარიზში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდა, 36:10 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ (ისტორიაში კი მე-16-ედ) ტურნირის გამარჯვებული გახდა.
შეხვედრა ქართველმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს და უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ. პირველ ტაიმში ვერცერთმა გუნდმა ლელოს დადება ვერ მოახერხა (ბევრი შესაძლებლობა არც ჰქონიათ), მაგრამ ქულების მოპოვების ყველა შანსი გამოიყენეს – მატკავამ ოთხი ჯარიმა გაიტანა, რასაც პორტუგალიელებმა ტაიმის ბოლოს ერთით უპასუხეს და ტაიმი საქართველომ 12:3 მოიგო.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის პირველი ლელო დადო – „ბორჯღალოსნების“ შეტევა ნაკრების საუკეთესო მელელოვემ, აკაკი ტაბუცაძემ (რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა) დააგვირგვინა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 17:3.
ფინალამდე მეხუთე-მერვე ადგილებისთვის მატჩში ბელგიამ პოლონეთი 34:8 დაამარცხა, ნიდერლანდებმა გერმანიას 45:0 მოუგო, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ესპანეთმა რუმინეთს 40:33 სძლია.
საბოლოოდ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ადგილები ასე განაწილდა:
1. საქართველო, 2. პორტუგალია, 3. ესპანეთი, 4. რუმინეთი, 5. ნიდერლანდები, 6. გერმანია, 7. ბელგია, 8. პოლონეთი.